„მაგ ოჯახს კიდევ ეგ უნდა? “ – მეუფე იაკობი ცოტნე გამსახურდიაზე

მეუფე იაკობი ქადაგების დროს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა:

„მაგ ოჯახს კიდევ ეგ უნდა? ისედაც ტრაგიკული ოჯახია, პირველი პრეზიდენტი მოკლეს“.

მეუფე იაკობის თქმით, მისთვის წირვა არავის აუკრძალავს.

„ჩემთვის წირვა არავის აუკრძალავს, მე თვითონ ვერ ვწირავდი შინაგანად. სინდისი მაქვს და სხვებიც უნდა შეაწუხოს სინდისმა. დღეს პირველად ვწირე.

მინდა მივმართო მთავრობას, უწმინდესთან ერთად ბევრ საქმეს ვაკეთებ საქართველოსთვის, ევროპაში ვიყავი წასული, საქართველოს საქმეს ვაკეთებდი. როგორ ლაპარაკობენ ჩემზე, ხან მხედრიონელობას მაბრალებენ და ხან ლანჩავას მოადგილეობას. თვითონ რა გაუკეთებიათ ქვეყნისათვის“,- ამბობს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დღეს პირველად გამოჩნდა. მეუფემ წირვა ჩაატარა და იქადაგა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობი თავის სკანდალურ განცხადებებში ამბობდა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „ეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს (მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

სინოდის განჩინების თანახმად, 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობმა არაკორექტული საჯარო გამოსვლები მოინანია, რის შემდეგაც მას „მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელისთვის“გაფრთხილება მიეცა – ის დარჩა სინოდის წევრად.