მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. რჩეულიშვილი  დღეს უნდა  დაკითხულიყო.  რჩეულიშვილთან ერთად „ცენტრ პოინტის” საქმეზე, „მიონის” ეპიზოდზე  ბრალდებულია ასევე ქეთევან ჟორდანია.

როგორც პროცესის დაწყებამდე რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მაია რჩეულიშვილი კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი და დღევანდელ სხდომას არ დაესწრებოდა. ჯანმრთელობის თუ რა პრობლემა ჰქონდა მაია რჩეულიშვილს, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს. ის ვერც მისი დაცვის ქვეშ მყოფის კლინიკაში გადაყვანის თარიღს ასახელებს.

მისი თქმით, მაია რჩეულიშვილმა სასამართლოს მოხსენებითი ბარათით მიმართა, სადაც ის აღიშნავდა, რომ პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.  მიზეზი მას განცხადებაში არ განუმარტავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს 2 წლიანი განხილვის ვადა 10 აპრილს ეწურება. შესაბამისად, მოსამართლემ განაჩენი ამ ვადაში უნდა გამოიტანოს.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.