მახათას მთაზე სამხედროებისთვის ბინები აშენდება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის  მახათას მთაზე ბინების მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  განაცხადა. ბახტაძემ სამხედროებს  პროფესიული დღე მიულოცა და ახალი ინიციატივა გააჟღერა.

პრემიერ მინისტრის თქმით,  საცხოვრებელ ფართებს მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები მიიღებენ.ინიციატივის მიხედვით, ბინის საფასურის 40 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას ახალი უბნის ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური პროექტი პირადად ჩემთვის.

მე განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, ის რომ უკვე 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა სურვილი და გაწევრიანდება იმ ამხანაგობაში, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად აქ ავაშენებთ ამ ახალ უბანს ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება კიდევ ბევრი სხვა” – განაცხადა  ბახტაძემ.