ძალიან კარგად მახსოვს, 1991 წლის 9 აპრილიდან თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ რა მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე – ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
„მივესალმები, პირველ რიგში ახალგაზრდებს. დღეს თქვენი დღეა. ამ დღის ორგანიზება გააკეთეთ თქვენ. მივესალმები ყველა თაობის წარმომადგენელს. ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ რა მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია, საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ვუთხრათ მადლობა, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს პარტნიორს უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია. ათასწლეულების წინ დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა, მაშინ როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირსეული ნაწილი, მაშინ როდესაც მეოთხე საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ- ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა“, – განაცხადა გახარიამ.