“მახსოვს გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა”-პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დღეს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომას და ღილაკების არევის თემას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, არავის გაუფრთხილებია სესიის დღეს დანიშვნის შესახებ.
პარლამენტის სხდომა სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვისთვის უნდა მოესმინათ, 16 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სხდომა დღეს რიგგარეშე სესიის ფორმატში გაიმართებოდა.
ტექნიკურ ხარვეზზე საუბრისას ჭიჭინაძე, ღილაკების არევის ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ საერთო “ჩატში” დეპუტატებს ღილაკების დანიშნულების გასარჩევად, მწვანე და წითელ ვაშლებს უგზავნიდნენ.
“თავიდან მე მახსოვს რომ გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა. ახლა ეტყობა გადავიდნენ დაღეჭვით ახსნაზე. ჩვენთვის მაგალითად ყოველთვის უცნობია, როდის რას გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენთან დამოუკიდებელ დეპუტატებთან კომუნიკაცია არ აქვთ.
ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით.
მწვანე და წითელი ღილაკების პრობლემა დიდი ხნის პრობლემაა,”-აცხადებს ჭიჭინაძე.
დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის გარდა, კენჭი უნდა უყარონ მთავრობის ინიციატივას, რომელიც გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხება. აღნიშნული ინიციატივა წინა სხდომაზე არასაკმარისი ხმების გამო ჩავარდა. მმართველმა გუნდმა მთავრობის ინიციატივის ჩაგდების მიზეზად, ტექნიკური ხარვეზი დაასახელეს. საკითხი კენჭისყრაზე დღეს კიდევ ერთხელ გადის.