20 ივნისის აქციის დაზარალებული, მაკო გომური ტელეკომპანია ფორმულას ვებსაიტზე, Formula News.ge-ზე ბლოგებს დაწერს. ამის შესახებ მან დღეს, სოფო ზურაბიანთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორიც მქონდა აქამდე, მუშაობის დაწყებასაც ფორმულაში”,— თქვა მაკო გომურმა.
მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიანიჭა. აქციის დაშლისას მან თვალი დაკარგა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსს განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ მიანიჭებენ.
პროკურატურის განცხადებით, პირების მიმართ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და რომლითაც უნდა დადგინდეს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. 20-21 ივნისის ღამის მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.