გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და მალხაზ კობაური დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნეს.