მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ სუსში მივა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით სუსის მიერ დადანაშაულებული თემირლან მაჩალიკაშვილი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივა. პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მტკიცებულებებს მეორე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო კარავში ელოდება. ჯერჯერობით უცნობია,  რა დამატებითი მტკიცებულებები აქვს უსაფრთხოების სამსახურს მძიმე ბრალდების დასადასტურებლად გარდა უკვე გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერისა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით თემირლან მაჩალიკაშვილი გოგაშვილის მკვლელობას მამის, კლიმენტი გოგაშვილის საფლავზე აპირებდა.

მაჩალიკაშვილი არ უარყოფს, რომ მას ძმიშვილთან შესაძლოა, ჰქონდა მსგავსი საუბარი, რადგან აინტერესებს ყველა, ვინც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას არასდროს არავისი ლიკვიდაცია დაუგეგმავს. ის მზად არის, პასუხი აგოს, თუ გამოძიება მის ბრალეულობას დაადასტურებს. ასევე მზად არის, პროტესტი გააგრძელოს ყველგან, მათ შორის ციხეშიც.

18 წლის შვილის მკვლელობის დღიდან სიმართლის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს მალხაზ მაჩალიკაშვილის ცოლიც. მედიკო მაჩალიკაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე თავდასხმის დაგეგმვას.

გამოძიების მიმართ უნდობლობის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე მივა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არაფერი დევს, რითიც შეიძლება დამტკიცდეს, რომ შვილმოკლული მამა თავდასხმას და საფლავის აფეთქებას გეგმავდა.