პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
„დიახ, კიევში მე შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და არამხოლოდ მას, შევხვდი სხვა ადამიანებსაც. ზოგადი საუბარი იყო, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ არსებული პრობლემები საქართველოში, ამ სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული და განადგურებული ჩემი ცხოვრება განვიხილეთ. ისიც განვიხილეთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთსაც გავდივარ. ზოგადად, შევეხეთ პოლიტიკასაც და არჩევნების თემასაც. ამ ადამიანს პირველად შევხვდი. კიევიდან დავბრუნდი, მაგრამ საქართველოში ჯერ არ ჩამოვსულვარ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. სხვა საქმეზე ვიყავი უკრაინაში, კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველა ხედავს, როგორ უსამართლოდ მებრძვის დღევანდელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“, ეს ადამიანს კი არა, მთასაც დაანგრევდა. შევეცდები მშვიდობიანი გზით ჩემი სიმართლე დავადგინო. პოლიტიკაზე და პარტიაზე არ ვფიქრობ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა