მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ეპარქიიდან გაათავისუფლა.
როგორც ის ამბობს, გრიგოლ კაცია მას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავება. ამ დროისთვის მღვდელ-მონაზონი სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება.
„პირველი შეხვედრა შედგა ახლად არჩეულ მიტროპოლიტთან. [მან] მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის გათავისუფლებული ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიიდან. ამავე დროს ჩემი საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადაეცა. დღესვე მოხდა ამ სინოდალური კომისიის შეკრება, სადაც ღვმდელმთავრები იყვნენ… ეს საუბარი ორმხრივად ჩაწერილია. შესაბამისად, მომეცა პირველი გაფრთხილება. მაქვს სასულიერო პირის სტატუსი და ველოდები ოქმს, სადაც განმაწესებენ მღვდელმსახურებისთვის”,-აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ანდრია სარია სოციალურ ქსელში წერდა, რომ ის მას კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველიც დაუკავშირდა და უთხრა, რომ „ზნეობრივ კომისიაში“ იყო დაბარებული, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან ნათელ მხარეს დგომა, პრინციპულობა, ბრძოლის უნარიანობა, ათწლეულობის განმავლობაში ეკლესიაში დაგროვილ პრობლემებზე მუშაობის დაწყება და რჯულის კანონით გათვალისწინებულ ნორმების დაცვა, როგორც ჩანს მძიმე ტვირთი აღმოჩნდა საპატრიარქოს ,,მსაჯულთათვის”.
ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) უკანონოდ და უსაფუძვლოდ მღვდელმთავრობიდან განყენების შემდეგ როგორც ჩანს დადგა რიგი იმ სასულიერო პირების ,,გაჩუმებისა”, რომლებიც მოვითხოვთ ეკლესიის შიგნით მოწესრიგდეს იმ უმსგავსობობათა ნიაღვარი რაც წლების განმავლობაში განუსჯელი ცოდვის სახით დაგროვდა და რამაც შექმნა არსებული კრიზისი…
დღეს დამიკავშირდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და გადმომცა რომ დაბარებული ვარ ,,ზნეობრივ კომისიაში”, რაზეც უარი მოვახსენე, ვინაიდან დღემდე ვეკუთვნი ჭყონდიდის ეპარქიას, კერძოდ სალხინოს მამათა მონასტერს და ეპარქია არასდროს მიმიტოვებია აღკვეცის დღიდან…
მოგვიანებით დამიკავშირდა ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), რომელმაც დამიბარა საპატრიარქოში 13:30 წთ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა მექნება…
ქრისტეს სიყვარული და ერთგულება ბევრად აღმატებულია, ვიდრე ამქვეყნიური პატივი და დიდება, რამეთუ თავად უფალი ბრძანებს: ,,..უკეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ” (ინ. 15. 20).
მხილებისა და შესაბამისად გაჯანსაღების პროცესი შეუქცევადია, რამეთუ უფალი მეფობს: ,,სჯობს სიმართლისათვის დავისაჯოთ, ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ“ – დაწერა სარიამ სოციალურ ქსელში.