ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის საცხოვრებელი სახლის დაწვისთვის მამაკაცს 4 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიხედვით, 2 წელი მსჯავრდებული საპატიმროში მოიხდის, დანარჩენ ორ წელს კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ.
მამაკაცმა შურისძიებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს საცხოვრებელი სახლი 2018 წლის 17 დეკემბერს დაუწვა.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცი, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, დაზარალებულთან ერთად ცხოვრობდა სახლში.
,,უთანხმოებისა და ეჭვიანობის გამო, 2018 წლის 17 დეკემბერს, ცეცხლის წაკიდებით განზრახ გაანადგურა მეუღლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.