პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ბ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მამამისს ა.კ-ს ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ა.კ. თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბ.კ. 2019 წლის 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.