საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას განცხადებით, არასრულწლოვანი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. როგორც არასრულწლოვნის ბიცოლა აცხადებს, ბრალდებულის გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა განესაზღვროს, ვინაიდან „მამა სასტიკად მოკლა“ და ის საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვისაც.
გამოძიების ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
არასრულწლოვანმა შვილმა კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.