მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგში პირველი შეხვედრა გამართა.

ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც თვის ბოლოს საქართველოს ეწვევა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ  მოკლე კომენტარი გააკეთა.

“შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, რეფორმების პროცესისა და მიღწევების განმტკიცების კუთხით. განვიხილეთ ევროსაბჭოს გამოწვევები და შევეხეთ მინისტრთა კომიტეტის საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხს. მივაწოდე პრეზიდენტს ინფორმაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ფაქტებზე ოკუპირებულ რეგიონებში. ხაზი გავუსვი, რომ საქართველო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საპარლამენტო ასამბლეასთან და მადლიერი ვარ ევროსაბჭოს ჩართულობით რეფორმების პროცესში. მიგვაჩნია, რომ რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული პრაქტიკის და კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის ევროპულ სტანდარტებთან,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.