მამუკა კაციტაძე ოპოზიციას ურჩევს, ხელისუფლებასთან ულტიმატუმით საუბარზე უარი თქვას

 

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე გაერთიანებულ ოპოზიციას ურჩევს, თუ მათ მართლაც სურთ საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარული წესის გაუქმება, პროპორციულის შემოღება და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, უარი უნდა თქვან ულტიმატუმებზე და კონკრეტული ვადების დასახელებაზე.

 

მამუკა კაციტაძის თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ულტიმატუმის შესრულების ვადა, 16 დეკემბერი, უნდა შეცვალოს, რადგან მისი გამოცდილება ულტიმატუმებთან დაკავშირებით იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ კონკრეტული ვადების დასახელება ხელისუფლების ინტერესებში შედის და მთავარ იდეას ჩრდილს აყენებს.

როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მმართველ გუნდს დიალოგის დაწყება შესთავაზა და განაცხადა, რომ სწორედ 16 დეკემბრამდე აქვს ხელისუფლებას ვადა,  გამოყოს 5-კაციანი ჯგუფი ოპონენტებთან სასაუბროდ. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.