მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ

მინიშნება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე საფრთხე შეექმნებოდა, არ ყოფილა, ასე უპასუხა თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას და დაამატა, რომ პირველი გემის მიღება პორტში 2020 წლისთვის იგეგმება.

“არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს ვეფარებით, ეს მინდა ხაზგასმით გითხრათ. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მაისში და ივნისში ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, მსოფლიოში 6 წამყვანი საფინანასო ინსტიტუტისგან. მათგან ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის. ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ინვესტიციის ბანკი, 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ გრაფიკიდან, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან და ახლაც იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, რა თქმა უნდა, თუ ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. ახლა საქმე აღარ ეხება თი-ბი-სი ბანკსა და კონკრეტულად ადამიანებს, საქმე ეხება საქართველოს პერსპექტივას, ქვეყნის მომავალს. ყველა დაინტერესებულ მხარეს ამიტომ მოვუწოდებ, პარლამენტიც იმიტომ ვახსენე და ყველაც, რომ დროზე გაირკვეს სიტუაციაც, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ – ჩემი და ბადრის პირდაპირი საქმე, ბიზნესის კეთება”.