მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 6 სექტემბერსგენერალურმა პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, სადაც პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენაა დაგეგმილი.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებების თუ დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.
გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი. აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას.
ჩვენთვის გაუგებარია რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებული) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად. ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე რომ აღნიშნულ საქმეზე საჯარო განცხადებებს აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მედიაში დეტალურად განიხილავენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მმართველი პარტიის ეს წარმომადგენლები საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე,ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით, ცდილობენ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შექმნას საზოგადოებრივი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით.
ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით.თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ყოველმხრივ ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე“, – ნათქვამია განცხადებაში.