თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასტუმრო რუმსში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც საფინანსო ინტიტუტის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ პირველად ისაუბრეს, ლონდონში გაემგზავრნენ. ამის შესახებ თავად ხაზარაძემ განაცხადა მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე.
“დრო გვაქვს ცოტა, რადგან ლონდონში დირექტორატის სხდომაზე დასასწრებად მივფრინავთ”, – ასე დაიწყო ხაზარაძემ დღევანდელი პრესკონფერენცია.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას მოითხოვს, რასაც უკავშირებს 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
ასევე ცნობილია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს “სამგორი M-მა” და “სამგორი თრეიდმა” “თიბისი ბანკისგან” საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. უწყებაში აცხადებენ, რომ მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც “სამგორი M-სა” და არც “სამგორი თრეიდის” მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის “თიბისი ბანკისთვის”.














