თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფულის გათეთრების შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამას მის ხელთ არსებული საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასკვნაც ადასტურებს, რომელსაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, გაეცნოს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “რუმსში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დრო გვაქვს ცოტა, რადგან ლონდონში დირექტორატის სხდომაზე დასასწრებად მივფრინავთ”, – ასე დაიწყო ხაზარაძემ ბრიფინგი, შემდეგ კი დღევანდელი შეკრების მიზეზზე ისაუბრა.
“ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს ვაცნობოთ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ერთიანი ძლიერი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური გეგმების მისაღწევად. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, პატივს ვცემთ კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. “თიბისი ბანკის” დაარსების დღიდან მისი მთავარი ღირებულებებია გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც ცნობილია, თიბისი ბანკმა 11 წლის წინ რეგულატორის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა – ველოდებით მართლმსაჯულებას, მიუხედავად ამისა, მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს ეკონომიკაზე”,განაცხადა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ფულის გათეთრების ბრალდებას:
“ჩვენ ყველა შესაბამის ორგანოს გადავეცით ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ადასტურებს ამ საქმეში დანაშაულის არარსებობას. ასევე, ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომლის თანახმად, ამ ტრანზაქციებს კავშირი არა აქვს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთა კონფლიქტის მაშინელი ნორმების დარღვევასთან.
“მზად ვართ ეს დასკვნაც და 2007-2008 წლების ამ კონკრეტული ტრანზაქციების დოკუმენტაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ დიპლომატიუს კორპუსს”, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ბიზნესმენი არც მის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე საუბრობს”: საქმე ეხება 2007-2008 წლის ტრანზაქციებს. ამას სჭირდება სპეციალისტები – ნებისმიერ ასეთ ამოგლეჯილ პასაჟებს, რომელიც სამწუხარო, პერიოდულად ვრცელდება, აქ ჩვენ პასუხს ვერ გავცემთ. აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ სპეციალისტები გაეცნობიან დასკვნას, რომელიც არის და რომელსაც მოგაწვდით რომ ის ძალიან გთხოვთ, საქმის დეტალებში ნუ შეგვიყვანთ. ნამდვილად დაგაბნევთ და ვერ გაიგებთ”, ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძის შეხევედრა მედიის წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის ჩათვლით ზუსტად 15 წუთს გაგრძელდა.