გაზეთ “კვირის პალისტრისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე ივანიშვილთან ერთ–ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს, რომელზეც
ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა.
„კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის კითხვაზე – არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში. მოკლედ, არის მოსაზრება, რომ თქვენ ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთეთ…
მამუკა ხაზარაძე პასუხობს:
„კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით, რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყულია – 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როდესაც დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით, თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.
სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილიდა მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს…“, -აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე.