მამუკა ხაზარაძემ იმ სახლის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც რაზმაძეების ოჯახს გადასცემს

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი  მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში იმ სახლის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც გუგუტიანთკარის მკვიდრ რაზმაძეების ოჯახს საჩუქრად გადაეცემა.

ხაზარაძე წერს, რომ სახლი უკვე მზად არის და მზაობას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს ის გივი რაზმაძის ოჯახს გაუგზავნოს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს.

მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.

რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე“ – წერს ხაზარაძე

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ.  შედეგად მათ სახლები მავთულხლართების მიღმა მოექცა.