“თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას არა გარესაფრთხეების არამედ შიდასაფრთხეების ეშინია, რადგან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც შიდაფაქტორების გამო მომხდარა ქვეყნის უკან დახევა.
“ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩვენ ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავლის პოვნა ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ის, რითიც შეგვიძლია, რომ გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწიყოთ, მოდი ერთად ვაკეთოთ ბიზნესი…რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ისტორიულადაც ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რატომღაც ეწინააღმდეგება ან ეომება პროგრესს. სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარასად ვეღარ მიხვალ (შედარებას არავისთან ვაკეთებ, უბრალოდ ციტატაა ასეთი). დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს ძალიან დამაფიქრებელია და ამოსახსნელი, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და მუდამ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით”, ამბობს მამუკა ხაზარაძე.