„ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, შეიძლება ნაწილობრივად გესმით და მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველასი ენა როგორც მე ვარ ყველასი პრეზიდენტი მე მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი. მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის. ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ, ე.ი. თქვენც, გააკეთოთ ის ერთი ნაბიჯი გადადგათ, რაც ნიშნავს რომ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის და ეს არის ამ ენის სწავლა და ამიტომ მე აქიდან დღეს, ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელი არის, რომ ძალიან მოკლე მომავალში აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა ბაღი,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ახალქალაქში სტუმრობისას, სადაც დედა ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.
სიტყვით კი მოსახლეობისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე გამოვიდა, რომელსაც ესწრებოდნენ: მხარის რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.
სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში მოსახლეობასთან საუბარი ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო. ,,დღეს სახელმწიფო ენის დღეა! მე მინდა დღეს გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავიც გაიხსნა ევროპაში, სტრასბურგში, რამდენიმე დღის წინ და რომელიც იმ სკოლის დამაარსებელია, რომელიც სახელმწიფო ენას ასწავლის ჩვენს მოქალაქეებს და გვეხმარება ყველას, გავხდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები. მეც ვსწავლობდი ბავშვობაში ქართულ ენას ,,დედა ენით” და ის ფაქტი, რომ ეს წიგნი დღეს უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია.“– განაცხადა ზურაბიშვილმა.