მარგველაშვილი: არსებობენ პორტირებული, ექსპორტირებული და ჭეშმარიტი “ნაციონალები”

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისთვის საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა აიღო და ეს არის რეალობა. მარგველაშვილის პასუხი სტუდენტის შეკითხვას მოჰყვა იმის შესახებ, თუ რატომ არის პოლიტიკური ველი გადანაწილებული ორ პოლიტიკურ ძალას შორის.

“მე პოლიტიკური თვალსაზრისით დაპირისპირებას ნაკლებად ვხედავ. ვხედავ ინდივიდებს, რომლებიც არიან პორტირებულები, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტები. ჭეშმარიტები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გახდნენ უკვე “ნაციონალური მოძრაობის” წაგების შემდეგ. ასე რომ, ისეთი ბოლომდე გაუგებარი პროცესია, რომ ამას არ ჰქვია პოლიტიკური დაპირისპირება, ამას ჰქვია პიროვნული თამაშები”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

“ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული “ნაციონალები”, ვინც არიან “ქართულ ოცნებაში”; ექსპორტირებული “ნაციონალები”, რომლებიც არიან “ევროპულ საქართველოში” და ჭეშმარიტი “ნაციონალები”, ვინც არიან “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთი და იგივე ამბავს, როდესაც ადეიშვილის ან მერაბიშვილის რომელიღაც ჩინოვნიკი ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას”, აღნიშნა მარგველაშვილმა.