მარგველაშვილი: “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი არის შეურაცხყოფა, რომელიც არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. 

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით 10-მდე ადამიანია, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ, ასევე არის დაახლოებით 100-მდე ადამიანი, რომლებიც საჯარო სამსახურის პროფესიული სტანდარტებიდან გამომდინარე მუშაობენ.

“მიუხედავად პოლიტიკური კატაკლიზმებისა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გარკვეული მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს. ასეთი ადამიანები ჩვენი საჯარო სამსახურის სიამაყეები არიან. ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციაში ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს მუშაობდნენ, ჩვენთვის საამაყოები არიან. ისინი პროფესიონალები არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ისინი ჩვენგან ასეთი კვალიფიციური ინსტიტუტის შექმნისთვის მადლობას იმსახურებენ. ეს შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, მეც არ მიფიქრია, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა ადამიანებისთვის. ამ მოტივაციის ახსნა ჩემთვის ძნელია, სახელმწიფოსთვის კი შეურაცხმყოფელი”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გაწვევას არ გამორიცხავს.

კახიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ პირადად მისი პოზიცია უარყოფითია და მხარს არ უჭერს. საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორებიც დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან. დღესვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მცდელობაა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება.