მარიამ ჯაში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ავლაბრის რეზიდენციას „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“ ეწოდა

მარიამ ჯაში მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდა”, არასწორს უწოდებს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, საუბარია, რომ პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლედ გადაკეთდეს, რასთან დაკავშირებითაც შექმნილი სამუშაო ჯგუფის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

“ჩვენ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის პრეზენტაციას. თავად ამ სასახლის არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის იდეა გახლდათ, რომ ეს იყოს საქართველოს კულტურის სასახლე. სწორედ ამ იდეის აღდგენაზეა საუბარი. ავლაბრის რეზიდენცია უნდა გახდეს საქართველოს კულტურის მთავარი სავიზიტო ბარათი. კონცეპტუალურად ეს გახლავთ საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე და ამის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იქნება,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.