ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორმა თამთა თოდაძის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის დააჯარიმა.
თამთა თოდაძემ ჯიშკარიანის ადვოკატის წინააღმდეგ ინსპექტორს 30 ოქტომბერს მიმართა და დღეს ცნობილი გახდა, რომ კუბლაშვილი 1000 ლარით დაჯარიმდა.
მარიამ კუბლაშვილმა ,,მთავარის” ეთერში თამთა თოდაძესთან დაკავშირებული სისხლის საქმის სამართლის დეტალებზე ისაუბრა, რომელშიც თოდაძე დამნაშავე ან მსხვერპლია. ასევე, მან გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ჯანრმთელობის მდგომარეობაზეც.
თამთა თოდაძის ადვოკატი განმარტავს, რომ დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებია. მარიამ კუბლაშვილი სწორედ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა საფუძვლების გარეშე დამუშავებისთვის დაჯარიმდა.
“საუბარია ავტოავარიის საქმეზე, სადაც მარიამ კუბლაშვილმა ძალიან დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს საქმეები საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, პირველად სწორედ მან გააჟღერა და სწორედ ამიტომ მივმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინესპექტორის აპარატს, რადგან მიგვაჩნდა, რომ დაირღვა თამთას უფლებები”, – ამბობს თამარ ლუკავა.
მარიამ კუბლაშვილს ჯარიმის გადასახდელად 30-დღიანი ვადა აქვს. მას გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეუძლია.