15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განუცხადა.
როგორც გვაზავა განმარტავს, პენიტენციური დეპარტამენტი პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა მდგომარეობა მძიმდება და ადგილზე არსებულ მედპერსონალს არ შეუძლია დახმარების აღმოჩენა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაუარესდა.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.