მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია, ლუგარიდან პასუხს ველოდებით- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მისი ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხებს ელოდებიან.

მისივე თქმით, ჩვილის დედა დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის.

„ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან, დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს.

რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, მარნეულიდან მათ კლინიკაში გადაყვანილ ახალშობილსა და კორნავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალს შორის ნათესავური კავშირი და კონტაქტი არ დასტურდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ია, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში არის 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.