ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება – ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.
პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ამ კატეგორიებზე მართვის უფლება პირი 17 წლიდან იღებდა, ცვლილების შედეგად ეს ასაკი 18 წელი გახდება.
„ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. მიუხედავად საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.