მარტვილში საფლავის გათხრისას ოქროს და ვერცხლის მონეტებით სავსე ქოთანი იპოვეს

{{ARTICLEIMAGE}}
მარტვილის სოფელ ბანძაში, მოქალაქეები გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავს თხრიდნენ, რა დროსაც ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს, რომელიც თიხის ქოთანში იყო მოთავსებული. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ ნივთების ნაწილი ოჯახს გადასცეს, რომელმაც ის მუზეუმს აჩუქა. რაც შეეხება მონეტების დარჩენილ ნაწილს, მპოვნელებმა ისინი ქუთაისში, ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს.

ამასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.

სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღების და შეფასების საკითხი.