მარტვილში ყაჩაღობისთვის ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, მარტვილში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ჟ.გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში მარტვილში დააკავა, რაც შეეხება სხვა პირებს მათ დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.