მაშველებმა 4 იანვარს გაუჩინარებული 21 წლის გოგა თავბერიძის ცხედარი პალიასტომის ტბაში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მყვინთავთა ჯგუფებმა ცხედარს სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად მიაკვლიეს.
,,თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად, დღეს მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.