სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, მწვერვალზე, დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე მაშველებმა თბილისში გადაიყვანეს. დაშავებულები სტაციონარში იმყოფებიან და ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარება უწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. შემთხვევა ჭაუხების ტერიტორიაზე ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას მოხდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ჯუთას მიმართულებით დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს. ისინი ამაჟამად სტაციონარში იმყოფებიან, სადაც ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარება უწევენ.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.