მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე ლექციები ჩაუტარეს

იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ლექციები ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია kutaisipost.ge ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლექციები “ქუთაისის უნივერსიტეტში” 3, 4 და 6 ივნისს გაიმართა.

„სკოლაში გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით ქუთაისში რაღაც შეხვედრაზე, არავის დაუზუსტებია არც თემა და არც მიზანი. როდესაც ჩამოვედით აღმოჩნდა, რომ საპატრიაქოს დავალებით ლექციას გვიკითხავდნენ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე“, – ამბობს გამოცემასთან ხონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

საქართველოს განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ლექციები არ წარმოადგენდა განათლების სამინისტროს პროექტს. იგი, სავარაუდოდ, „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ინიციატივით ჩატარდა.

ქუთაისის უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ ლექციებს, განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი, მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.