“ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის კომიტეტმა 10 ხმით აირჩია. მათიკაშვილის კანიდატურა კოლეგებს კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა – პირველი მოადგილის შერჩევა და წარდგენა სწორედ კომიტეტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ოხანაშვილმა ამ პოსტზე ეკა ბესელია შეცვალა – რაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო იუსტიციის საბჭოსთან და გუნდთან დაპირისპირების შემდეგ ბესელია გადადგა. კომიტეტის ახალი ხელმძღვანელობით დაკომპლექტების შემდეგ ბესელიას თანამოაზრე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დღეს ამბობს, რომ ცოტა ხანში შესაძლოა, იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს. მათიკაშვილმა კი გოგიჩაიშვილის ეჭვებს სპეკულაცია უწოდა.