“მცირე პარტიები მიიღებენ მეტ დაფინანსებას”- ეს ცვლილება ერთ-ერთია საარჩევნო კანონმდებლობის პროექტში, რომელიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა.
გარდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს შორისაა:
პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, პოლიტიკურ პარტიებს შორის საეთერო დროის გადანაწილება, ცენტრალური და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.
“1 თვის წინ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა. ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი.
დღეს ვიწყებთ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს:
1. კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად, არჩევნები ჩატარდება პროპროციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.
2. შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.
3. პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30% -იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს.
4. უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.
5. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.
6. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.
7. პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება.
8. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
9.დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.
როგორც ხედავთ, ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც. სწორედ ამ მიზნით დღეს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა უზრუნველყოფილია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.