{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. ივანეიშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება, ხოლო ჩოჩუას ქრთამის აღებაში დახმარება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ რომან ხორავამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ზომად პატიმრობის გამოყენების შესახებ. თავის მხრივ, ადვოკატები ითხოვდნენ ივანეიშვილისთვის 400 000, ხოლო ჩოჩუასთვის 100 000 ლარის გირაოს შეფარდებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუა 26 იანვარს დააკავა. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედვათ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს რეკომენდატორებს. ცხოვრებაში სიჩქარე არ გადამიჭარბებია, ვცდილობ კანონით ვიცხოვრო, მე ვერ შევარცხვენ ჩემი ოჯახის სახელს. მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით”,განაცხადა ჩოჩუამ.
“რაც შეეხება, ჩემ დახმარებას ამ პროცესში, მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას. ამიტომ გავემგზავრე სპეციალურად თბილისიდან. ვიცოდი რომ ინვესტორი ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, ამის გამოცდილება მაქვს. მე რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფუგირირებდა თანხის ჩარიცხვა, ამის გაგებიდან პირველივე წუთში ჩემს ხელმძღვანელსა და საგამოძიებო ორგანოს საქმის კურსში ჩავაყენებდი. ამგვარი შეტევები, ზეწოლები ჩემზე 2 წელია მიმდინარეობს. ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი ვითომ ინვესტორი და მშენებელი მიწყობს მოლაპარაკებას. რამდენი ჩამოვთვალო აღარ ვიცი. 2 წლის განმავლობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას ვიჩენდი ჩემი კომპეტენციიისა და უფლებამოსილების ფარგლებში. წყალტუბო ჩემი საყვარელი ადგილია. თავიდან ბოლომდე ავაშენე, პრომეთეს მღვიმე, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული, იქაურობა მიყვარს. ჩემ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი ცენტრის, პარკის და მთლიანად ტურისტული კონცეფციის განვითარებაზე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ჩამოსულ ინვესტორს, რომ წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ ჩემი დანაშაული არის მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედვათ”,ამბობს თეიმურაზ ჩოჩუა.
სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც წყალტუბოში საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული, ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს დაპირდა შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და შესყიდვაში დახმარებას და სანაცვლოდ მოთხოვა 250 000 ლარის ქრთამის გადახდა. სუს-ის ცნობითვე, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იანი წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის აღებაში.