თბილისის მერი კახი კალაძე საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც, მერიამ შპს „არკოს“ 4000 კვ.მ.-ის სატყეო ფართობის სანაცვლოდ, საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად 37 ათასი კვ.მ. მისცა. კალაძის განცხადებით, ადგილმონაცვლეობას მერია ტერიტორიის საფასურის მიხედვით აკეთებს.
„ადგილმონაცვლეობისას ტერიტორიების შეფასებას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან აკრედიტებული ბიუროები აკეთებენ.მე არ ვიცი ზუსტად „არკო“, „მარკო“ და „პარკო”. გეტყვით იმას, რომ მონაცვლეობა ხდება ძალიან მარტივი სქემით. ხდება შეფასება სამხარაულის მიერ, ან დიდი ოთხეულიდან, ან აკრედიტებული ბიუროებიდან და ფასების მიხედვით ხდება მონაცვლეობა. შეიძლება იყოს 100 კვადრატული მეტრი ვაკეში, რუსთაველზე და პირობითად, მისი ღირებულება 1000 ლარი იყოს, ასევე იყოს 500 კვ.მ. გლდანში და მისი ფასი იყოს გაცილებით ნაკლები“, – განაცხადა კახი კალაძემ.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მეორე ბრალდებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია გზების გასაკეთებლად პროცენტიან სესხს იღებს კომერციული ბანკებიდან. კალაძე ამბობს, რომ სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის მიწოდება ვერ ხდება, მერია ხსნის საკრედიტო ხაზს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდეს.