გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე პარლამენტში მივიდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე მის პროგრამას წარადგენს, ასევე უპასუხებს შეკითხვებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის შერჩევისთვის, ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს გრძელდება გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი, დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე. ასევე, ვაპირებ გავცე კომიტეტის ყველა კითხვას პასუხი. კომიტეტის შემდგომ მზად ვარ, მედიის ყველა კითხვას გავცე პასუხი”, – განაცხადა შოთაძემ.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.