“მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის ამ სავარძელში“– გახარია პრემიერად დამტკიცების წინ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემდეგ მთავრობის შემადგენლობის კენჭისყრამდე ბოლო სიტყვა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა თქვა და გამოსვლის დიდი ნაწილი ისევ ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს დაუთმო.

გახარიამ პარლამენტში  ოპოზიციურ ფრაქციებთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრები შეაფასა:

“რაც ამ დღეებში აქ მოხდა იყო ჩვეულებრივ ლუსტრაცია, როდესაც სამწუხაროდ ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი და ჩვეულებრივად მანიპულირებდა საშუალებით პასუხის გაცემის. სიმართლე გითხრათ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს შორის. ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში, როდესაც უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, როგორც მინიმუმ ეს არ არის ევროპული საქართველო. როგორც მინიმუმ ეს სხვა რაღაცაა. ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და უნდა ვიყოთ მომთხოვნები პირველ რიგში ჩვენი თავის წინაშე. უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი ბიუროკრატიის წინაშე და ჩვენ უნდა მკაფიოდ ვაგებდეთ პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომლებსაც ვიღებთ.“– განაცხადა გახარიამ.