ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას გამოკითხვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დასრულდა.
გია დანელიას თქმით, ფარული ჩანაწერი, სადაც ის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა.
დანელიას თქმით, ის სტომატოლოგია და იმ პირთან ვინც მასზე ფარული ჩანაწერი გააკეთა, პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს. დანელიას მტკიცებით, ამ პირთან, ბაადურ რაფავასთან პოლიტიკაზე საუბარი არ ჰქონია. საკრებულოს წევრის ვარაუდობით, ამ პირმა მასთან საუბარი ჩაწერა და შემდეგ დაამონტაჟა.
“ამ შინაარსის საუბარი მე, მასთან არ მქონია. ის გახლდათ ჩემი პაციენტი 15 წლის წინ. მე, მას გავუკეთე კბილების პროთეზირება. დაახლოებით 2 წლის წინ დამირეკა და მითხრა, რომ კონსულტაციის სურვილი მაქვს თქვენთანო. ვისაუბრეთ პოლიკლინიკის წინ დაახლოებით 30-45 წუთი. ვისაუბრეთ სხვა თემებზე, ანუ თხილის შეწამვლასთან დაკავშირებით და ა.შ.
ვინაიდან, ჩემი თანასოფლელი გახლდათ, მასთან ყოველთვის მქონდა ნორმალური ურთიერთობა. არავითარი კონფლიქტური ურთიერთობა მასთან არ მქონია, მას შემდეგ რაც დასრულდება გამოძიება, ამ დასკვნიდან გამომდინარე, მე, საჩივარს შევიტან “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ. “რუსთავი 2-მა” ააგორა ეს ტალღა”, – განაცხადა დანელიამ.