საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა. შეხვედრისას მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მოსკოვმა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
„ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ. რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, – განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.