„ქართული ოცნების“ საჯარო მოხელე ოკუპაციას ამართლებს. სოფელ მელაურის თემში მერის წარმომადგენელი სოფიკო კიკაჩეიშვილს ევროპულ ცივილიზაციას ერთმორწმუნე რუსეთის პოლიტიკა ურჩევნია. საჯარო მოხელისთვის სულ ერთია, მეზობელი ქვეყანა ოკუპანტია თუ არა, მთავარია, რომ მას მოსწონს რუსული კულტურაც, სამზარეულოც და რუსული მოდაც.
ანტირუსული დამოკიდებულებების გამო, სოფიკო კიკაცეიშვილი 13-დღიანი პროტესტის ახალგაზრდა მონაწილეებს დაუპირისპირდა. სამტრედიის მერის წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო, ახალგაზრდებს კი, რომელიც გახარიას გადადგომას მოითხოვენ, შეურაცხყოფა მიაყენა.
ოპოზიციამ ანტიქართული განცხადებების გამო, სოფიკო კიკაჩეიშვილის გადადგომა მოითხოვა. თავად საჯარო მოხელე კი მის გამოსვლებში პრობლემას ვერ ხედავს.
საჯარო მოხელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოფელ მელაურის თემში მერის წარმომადგენელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
ოპოზიციისგან განსხვავებით, სოფიკო კიკაჩეიშვილის ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ პასუხობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სოფელ მელაურის თემში მერის წარმომადგენელმა პროტესტი ჯერ სოციალური ქსელით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე გამოთქვა.
ის ახალგაზრდა გამომსვლელების განცხადებებმა გააღიზიანა, მოგვიანებით დამოკიდებულება შეარბილა, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ერთმორწმუნე რუსეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავარი სამოქმედო გეგმა უნდა იყოს.