ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო წარმოების პირბადეები პირველ რიგში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დაურიგდებათ.
,,მეც კი არ მაქვს პირბადე, პრიორიტეტულები არიან 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები. ამ კატეგორიაში უკვე ორშაბათიდან დავიწყებთ დარიგებას,” – თქვა თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანენ და საკარანტინო სივრცეებს შესთავაზებენ.
,,გადავწყვიტეთ, ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა წერტილიდან, ევროპიდან, ორგანიზებულად, დაგეგმილი რეჟიმის მიხედვით ჩამოვიყვანოთ. ჩვენი პრიორიტეტია მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ისე უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ მზად ვიყოთ და საკარანტინო სივრცეები შევთავაზოთ. აქედან გამომდინარე, ყველა ის ადამიანი ვინც ორგანიზებულად ჩამოგვყავს, არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის”,- განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 54 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პაციენტი.