მეც შემიძლია, ვთქვა, რომ მივიღე მუქარის წერილი და დეტალიზაციისგან თავი შევიკავო – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თიბისის დამფუძნებლისგან მეტ კონკრეტიკას ელოდა იმ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით, რომელსაც მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიას მუქარის წერილი შეიცავდა. მდინარაძემ “ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა მოსამართლეთა შერჩევის საკითხს ეხებოდა, ხოლო რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მდინარაძე ამბობს, რომ თიბისის დამფუძნებელს წერილის შინაარსი არ გაუსაჯაროებია და ვარაუდებით ვერ ისაუბრებს.

“მივიღეთ ისეთი პასუხები, რომლებიც კონკრეტული კითხვებისგან არ გამომდინარეობდა, მაგალითად წერილის შინაარსზე, რომელიც არ, თუ ვერ დაადასტურა. როდესაც ადამიანი ამბობს, ისესხა 17 მლნ და არ იცოდა 17 მლნ მისივე ბანკიდან იყო გამოტანილი იმავე დღეს, ამაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. მთავარ კითხვებზე პასუხის ნაცვლად მივიღეთ ბრალდებები”,ამბობს მამუკა მდინარაძე. 

პოლიტიკოსის განცხადებით, “ის ელოდება მეტ კონკრეტიკას, რომ სინამდვილეს დაემსგავსოს ეს ამბავი”. 

“ვიდრე გიორგი გახარიასთან მიმართებაში კითხვები გაჩნდება, დეტალები უნდა განმარტოს მის მიმართ ბრალდების ადრესატმა. მეც შემიძლია, ვთქვა, რომ მივიღე მუქარის წერილი და შემდეგ დეტალიზაციისგან თავი შევიკავო – ეს ვინმეს დაბარების საფუძველი არ შეიძლებ გახდეს, მაგრამ ცოტა მეტი კონკრეტიკა შეიძლება ამის საფუძველი გახდეს. დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია არც ერთ კითხვაზე პასუხისგან არ შეიკავებს თავს”,ამბობს მდინარაძე.  

“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირში ვეუბნები ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი უნდა დასრულდეს. და მიუხედავად შანტაჟის ენით საუბრისა ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე.“ – უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ბრალდების საპასუხოდ, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრი მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა.