კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პროკურატურას მოუწოდებს,“რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან საკითხი ეხება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებას, რომელიც წლებია მის გარშემო მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი და საქმის მასალების გასაჯაროების აუცილებლობა.
„2019 წლის 1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე – მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ. ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 08 დეკემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა თავად ,,რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართული პირების მხრიდან. კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის მიაჩნია, რომ ვინაიდან საკითხი ეხება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებას, რომელიც წლებია მის გარშემო მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი და საქმის მასალების გასაჯაროების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურას მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე თავისი ინიციატივით არაერთხელ გაუსაჯაროებია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს,” – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მედიაკლუბი“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“, „სატელევიზიო ქსელი“, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.