ბოლო ერთ თვეში გრიპის ვირუსის გამო კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელი რადიკალურად გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით სეზონური ვირუსების გავრცელების სტატისტიკა მთელი საქართველოს მაშტაბით გაზრდილია. ჯერჯერობით ფატალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა რეგიონების და თბილისის კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს. დასავლეთ საქართველოში ამ დროისთვის, ათამდე პაციენტი რჩება ქუთაისის კლინიკაში. ორი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი 17 ადამიანი მკურნალობს.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 100-ზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა. გრიპის ვირუსი კი, ძირითადად მცირეწლოვნებშია გავრცელებული. სეზონური გრიპის შემთხვევებმა აჭარაში განსაკუთრებით ბოლო დღეებში იმატა. პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია ბათუმის თითქმის ყველა კლინიკაში.
თბილისში ვირუსული პაციენტებით ყველაზე დატვირთული იაშვილის კლინიკაა, საავადმყოფოში ამბობენ, რომ ადგილზე არცერთი თავისუფალი საწოლი აღარ არის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული, ძირითადად A და B კატეგორია. ბოლო 3 კვირის განმავლობაში კი, ვირუსით დაინფიცირების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.
მაღალ სიცხესთან ერთად, ყელისა და თავის ტკივილი გრიპის ძირითადი სიმპტომებია, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ამ ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს.
გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება. ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.