მედიკოსებმა დაადგინეს, სისხლის რომელი ჯგუფის ადამიანები არიან უფრო მგრძნობიარე ახალი კორონავირუსის მიმართ

მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები კორონავირუსით სხვებზე უფრო ხშირად ავადდებიან. ამის შესახებ ჩინელ მეცნიერთა ჯგუფის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც სამედიცინო კვლევების საიტ medrxiv–ზე არის გამოქვეყნებული.

ჩინელმა მეცნიერებმა მიზნობრივი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი პაციენტების სისხლის ჯგუფსა და ახალი ტიპის კორონავიურსის მიმართ მათ მდგრადობას შორის. მათ აიღეს 2173 Covid19-ით დაინფიცირებული პაციენტის ანალიზის ნიმუშები უხანის და შენჩჟენის სამი საავადმყოფოდან , რომელთაგან 206 კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების იყო.

მეცნიერებმა თავდაპირველად უხანის 3694 ჯანმრთელი მცხოვრებისგან შემდგარი საკონტროლო ჯგუფი გამოიკვლიეს და გაარკვიეს, რომ მათ შორის 33,84% – ს 1 ჯგუფის სისხლი აქვს, 32,16% – ს II–ე ჯგუფის სისხლი, 24,90% – ს III ჯგუფის სისხლი, 9,10% – ს კი IV–ე.

ცზინიატანის საავადმყოფოს 1775 დაავადებული პაციენტის ტესტებმა (მათ შორის 206 გარდაცვლილის) აჩვენა, რომ 25.8%–ს სისხლის I ჯგუფი ქონდა, 37.75%–ს მეორე ჯგუფი, 26.42 %–ს მესამე, ხოლო 10.03%–ს მეოთხე ჯგუფის სისხლი.

ანალოგიური შედეგები აჩვენა უხანის კიდევ ერთი საავადმყოფოს და შენჩჟენის საავადმყოფოს 398 პაციენტის კვლევებმა, რის შედეგადაც მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ Covid19–ის მიმართ მდგრადობა გარკვეულწილად სისხლის ჯგუფზეც არის დამოკიდებული: II-ე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის ეს ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე დანარჩენებისთვის.