ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავას იწყებენ. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს და ითხოვს სასამართლომ დავით ბაგრატიონ მუხრანელს სამეფო სახლის სახელის გამოყენება აუკრძალოს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი სიმბოლურ თანხას – 1 ლარის გადახდას ითხოვს.
ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის თქმით, მათი ყოფილი სიძე, დავით ბაგრატიონ მუხრანელი უნებართვოდ იყენებს დინასტიის ტიტულატურას, ფულზე ყიდის სხვადასხვა ორდენებს, ისაკუთრებს ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის ისტორიას და იგონებს არარსებულ მეფეებს, რომელსაც შემდეგ მიაწერს საკუთარ გენეალოგიურ შტოს.
„2017 წლის მარტში მან რაღაც დონეზე მოახერხა ბრიტანეთის სამეფოში შეხვედრა, ბუნებრივია დედოფლის დონეზე არა, თუმცა ბრიტანეთის სამეფოში შეხვდნენ და მოხდა საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენის გადაცემა. ეს ორდენი არის ჯილდო, რომელიც შეიძლება კონკრეტული დამსახურებისთვის საქართველოს სამეფო სახლმა გადასცეს ვინმეს. ამის შემდგომ ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა “Daily Mail”-ის ჟურნალისტი უკავშირდება დავითს, ეცნობა როგორც ადგილობრივი ბიზნესმენი და სთხოვს,რომ მასაც აქვს სურვილი,რომ ეს ჯილდო მიიღოს. ასახელებს კონკრეტულ თანხას, რომლის სანაცვლოდაც ის არის მზად რომ იგივე ჯილდო გადასცეს ნებისმიერ პირს,როგორი ჯილდოც მან გაუგზავნა ელიზაბეტ მეორეს. როდესაც ეს თანხის სანაცვლოდ ხდება ჩრდილი ადგება ნამდვილ სამეფო ოჯახს. რადგან სამეფო ჯილდოების გადაცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე ვინ რამდენ თანხას გადაიხდის,”-აცხადებს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
საქმე სამართლებრივად იმდენად რთულია, რომ მისი განხილვა საქალაქო სასამართლოში სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას მოუწევს.
სამოქალაქო დავა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. მოსარჩელე მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ამ დავის განხილვა დაავალა. საქმეს მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობა, სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეულნი იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები – როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.
უცნობია, დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. მისი ადვოკატი ლევან ჩხეიძე მოსარჩელე მხარეს თვითმარქვიად მოიხსენიებს. ჩხეიძე ამბობს, რომ მათ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის DNM-ის ტესტის ჩატარება შესთავაზეს, რათა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ბაგრატიონების შტოს წარმოადგენდა. ჩხეიძე ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონმა კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ ის თვითმარქვიაა.
სასამართლო სხდომა 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ მუხრანელმა პატრიარქის ინიციატივით 2009 წელს იქორწინეს. მათ ჯვარი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ეკლესია არ მალავდა , რომ ეს ქორწინება საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენის საფუძველი უნდა ყოფილიყო და ბაგრატიონების ორი შტოს ქორწინებით გაერთიანება ამიტომაც მოხდა, რათა ამ ქორწინებაში დაბადებული ბავშვი ბაგრატიონთა ტახტის მემკვიდრე გამხდარიყო.თუმცა სამეფო ოჯახმა დიდხანს ვერ გაძლო. წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.
გარკვეული დროის შემდეგ სამეფო წყვილი შერიგდა და 2011 წელს მათ შვილი – გიორგი ბაგრატიონ–ბაგრატიონი შეეძინათ. ბავშვი მადრიდში დაიბადა. მისი დაბადებით ბაგრატიონთა ორი შტო – გრუზინსკები და მუხრანელები შეიკრა და ამიტომაც ბავშვი ბაგრატიონი–ბაგრატიონის გვარს ატარებს. 2013 წელს ბავშვი პატრიარქმა მონათლა და ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოცხადდა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი 2009 წლიდან 2016 წლამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ ერთი შვილი- ექვსი წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ. სამართლებრივი დავა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საერთაშორისო საზოგადოებაში თავი საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრედ წარმოაჩინა.